Jump to content

Wikimedia Georgia/Reports/WMCEEM25/მიმოზა

From Meta, a Wikimedia project coordination wiki
CEE-ის ქვეყნების კონფერენცია, 2025 წელი, საბერძნეთი, თესალონიკი

გამარჯობა, მე მიმოზა ღოლიჯაშვილი ვარ. უკვე მესამე წელია რაც ვიკიპედიელი ვარ და ვცდილობ რაც შეიძლება მეტი წვლილი შევიტანო ქართული ვიკიპედიის განვითარებაში. წელს პირველად მხვდა წილად ბედნიერება გავმხდარიყავი Wikimedia CEE Meeting 2025-ის მონაწილე, რომელიც საბრძნეთის ულამაზეს ქალაქ თესალონიკში გაიმართა. სწორედ კონფერენციაზე ყოფნისას მივიღე შეტყობინბა ფოსტაზე, რომ გავხდი ვიკიმედია საქართველოს წევრი, რამაც ძალიან გამახარ და კიდევ უფრო გაზარდა ჩემი პასუხისმგებლობა. ახლა მინდა ჩემი ემოციები და შთაბეჭდილებები გაგიზაროთ კონფერენციის შესახებ.

ორგანიზება

[edit]

კონფერენციამ მშვიდ და მოწესრიგებულ გარემოში ჩაიარა. საბერძნეთის ვიკიმედიის მომხმარებელთა ჯგუფის მიერ გაწეული ძალისხმევა ნამდვილად იმსახურებს მაღალ შეფასებას. უდიდესი კომფორტი შეიქმნა იმით, რომ მონაწილეთა განთავსება და ღონისძიების ჩატარების ადგილი ერთსა და იმავე სასტუმროში მიმდინარეობდა. ამან მინიმუმამდე დაიყვანა გადაადგილება და დროის კარგვა, რაც უმნიშვნელოვანესია დატვირთული დღის განრიგიდან გამომდინარე. ასევე, აღსანიშნავია სესიების შინაარსობრივი დაგეგმვა. მომხსენებელთა თემები ერთი დარბაზის ფარგლებში ლოგიკურად უკავშირდებოდა ერთმანეთს. ეს მიდგომა უზრუნველყოფდა კონცენტრირებულ მოსმენას და მნიშვნელოვნად ამარტივებდა ინფორმაციის ათვისებას.

ქართული დელეგაცია კონფერენციაზე

ურთიერთობები

[edit]

ნებისმიერი საერთაშორისო შეხვედრის, მათ შორის, ვიკი-კონფერენციის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ადამიანური ურთიერთობები აღმოჩნდა. ეს არის ის ელემენტი, რომელიც ფორმალურ სესიებს სცილდება და საზოგადოებას აცოცხლებს. ჩემი დაკვირვებით, ვიკიპედიელების დიდი ნაწილი ინტროვერტული ბუნებისაა, და სწორედ ამიტომ აღმოჩნდა CEE Meeting 2025 ღონისძიება ერთმანეთის გაცნობის, პირისპირ საუბრისა და გამოცდილების გაზიარების იშვიათი შესაძლებლობა. ქართული დელეგაციის შთამბეჭდავმა, ექვსწევრიანმა შემადგენლობამ კი დამატებითი ბიძგი მისცა როგორც შიდა, ისე რეგიონულ დონეზე აქტიურ კომუნიკაციას. ეს იყო ნამდვილი მულტიკულტურული ზეიმი, რომლის დროსაც არა მხოლოდ ერთმანეთი გავიცანით უკეთ, არამედ ახალი კონტაქტები დავამყარეთ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, რითაც ვიკი-ოჯახი კიდევ უფრო გავაფართოვეთ და ახალი მეგობრული კავშირები დავამყარეთ.

მიღებული ცოდნა

[edit]

კონფერენციას ბევრი საინტერესო გამომსვლელი ყავდა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო თურქი კოლეგის ჯანერ ოზიაიქჩის გამოსვლა თემაზე: „სარგებელი CEE რეგიონის საზოგადოებებისთვის: კულტურა და დიზაინი“. ეს პრეზენტაცია წარმოადგენდა გრაფიკული დიზაინის ნიმუშს, რომელიც CEE რეგიონში შეიქმნა. ის შეიძლება გახდეს ინსპირაციის წყარო მათთვის, ვინც გრაფიკული დიზაინით ინტერესდება. მოხსენებამ ნათლად დამანახვა, თუ როგორ შეიძლება ადგილობრივი კულტურის თემები გაერთიანდეს ვიკიპედიის თემატიკასა და ტექნოლოგიებთან და გარდაიქმნას ლოკალიზებულ, ორიგინალურ დიზაინად. თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში მოგეხსენებათ ჩვენი მოსწავლეები, როგორ არიან მიჯაჭვული გაჯეტებს. ამ ფონზე, თესალონიკოში მიღებული შთაბეჭდილებები, განსაკუთრებით დიზაინისა და ლოკალური შინაარსის ოსტატურად შერწყმის მაგალითები, უდიდეს ინსპირაციას გვაძლევს. ვფიქრობ, ჩემს სკოლებში (და არა მხოლოდ) შექმნილ ვიკი-კლუბს, სადაც მოსწავლეები ვიკიმედიაში მუშაობას სწავლობენ, მათ შევთავაზო საშუალება, არა მხოლოდ გამოიყენონ, არამედ შექმნან ციფრული კონტენტი. ვფიქრობ ეს დამეხმარება უფრო მეტი მოსწავლე დავაინტერესო და სურვილი გავუჩნო გახდნენ ჩვენი ვიკი-კლუბის წევრები. ეს არის გზა, რომლითაც მათ ტექნოლოგიების მოხმარებიდან ცოდნის შექმნაზე გადავიყვანთ და მათთვის ახალ, შემოქმედებით სივრცეს გავხსნით.

კულტურული ღონისძიება

[edit]

კონფერენციის ორგანიზატორების მიერ დაგეგმილმა ექსკურსიამ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების მონახულების საშუალება მოგვცა. ჩვენ ვნახეთ თესალონიკის სიმბოლოები, მათ შორის ზღვის სანაპიროზე მდებარე ალექსანდრე მაკედონელის დიდი ძეგლი. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ასვლა ქალაქის თავზე მდებარე სიმაღლეზე (სადაც ძველი ციხე-სიმაგრის ტერიტორიაა), საიდანაც თვალწარმტაცი პანორამული ხედი იშლებოდა მთელ თესალონიკზე, ეგეოსის ზღვის ფონზე. ამ კულტურულმა ნაწილმა კარგად დაგვანახა, თუ როგორ ერწყმის ქალაქში უძველესი ისტორია თანამედროვე ატმოსფეროს, რაც თესალონიკს განსაკუთრებულს ხდის.

შეჯამება

[edit]

თესალონიკი იყო შესანიშნავი ადგილი ჩვენი რეგიონის პოტენციალის დასანახად. კონფერენციამ გამაცნო ახალი ადამიანები, მომცა სტიმული და მოტივაცია, რომ კიდევ უფრო მეტი ვაკეთო ქართული ვიკიპედიის გასამდიდრებლად. მოუთმენლად ველი CEE-ის მომავალ შეხვედრებს კლუჟ-ნაპოკასა და გდანსკში.

რესურსები ინტერნეტში

[edit]