Jump to content

Wikimedia Georgia/Reports/WMCEEM25/Beqabai

From Meta, a Wikimedia project coordination wiki
გამოწვევა: ვინც მიცნობთ, შეგიძლიათ ამ ფოტოზე მომძებნოთ.

იასას! მე ვარ ვიკიმედია საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და CEE Meeting 2025-ის მონაწილე, Beqabai. CEE-ის ქვეყნების კონფერენცია წელს საბერძნეთის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში, სალონიკში, ჩატარდა. სამშობლოში დაბრუნებიდან რამდენიმე დღე გავიდა — დრო, რომელიც საკმარისია შთაბეჭდილებების დასალაგებლად, მაგრამ არც იმდენად დიდი, რომ რაიმე მნიშვნელოვანი დამვიწყებოდა. ამიტომ, შევეცდები, გაგიზიაროთ ჩემი თვალით დანახული სალონიკის კონფერენცია.

ორგანიზება და საერთო ფონი

[edit]

საბერძნეთის ვიკიმედიის მომხმარებელთა ჯგუფის ძალისხმევა ნამდვილად დასაფასებელია — კონფერენციამ მშვიდ და მოწესრიგებულ გარემოში ჩაიარა. დელეგატებისთვის განსაკუთრებით მოსახერხებელი აღმოჩნდა, რომ კონფერენცია იმავე სასტუმროში ტარდებოდა, სადაც ვცხოვრობდით. სესიები ლოგიკურად იყო განაწილებული: ერთსა და იმავე დარბაზში, შესვენებიდან შესვენებამდე, მომხსენებელთა თემები შინაარსობრივად უკავშირდებოდა ერთმანეთს, ეს კი მოსმენის პროცესს ამარტივებდა. ერთადერთი, რასაც შევცვლიდი, ქალაქის ტურის დროა. დამღლელი დღის ბოლოს ტურით იმავე სიამოვნებას ვეღარ მიიღებ, რასაც დილით, დასვენებული გონებით. ამასთან, დილის ტურის შემდეგ მონაწილეები, ვფიქრობ, მეტი ენერგიით დაესწრებოდნენ სესიებს.

მიღებული ცოდნა და ჩემი ჩართულობა

[edit]
ამ ფოტოზე ვესწრები სესიას, სადაც ჰაბის სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნების სისტემას განვიხილავთ.

კონფერენციის თემებიდან განსაკუთრებით ტექნიკურმა საკითხებმა დამაინტერესა. მაგალითად, ვისწავლე ხელსაწყო, რომელსაც ვიკიპედიაში (და არა მარტო) კატეგორიების ავტომატურად დამატება შეუძლია. ჩემთვის, როგორც გამოცდილი ვიკიპედიელისთვის, ეს დიდი აღმოჩენა იყო. ხელსაწყომ იმდენად მომხიბლა, რომ მის შესახებ ქართულ ენაზე YouTube ვიდეოც ჩავწერე ქართველი ვიკიპედიელებისთვის.

ტექნიკური სესიების გარდა, საინტერესო იყო CEE-ის ადმინისტრაციულ შეხვედრებზე დასწრება, კერძოდ, იმ სესიებზე, სადაც CEE-ის ჰაბის მომავალი ნაბიჯები იგეგმებოდა. ასეთ დისკუსიებში მაქსიმალურად ვცდილობდი ჯგუფურ სამუშაოებში ჩართვასა და საკუთარი აზრის დაფიქსირებას. მსგავსი ფორმატის მუშაობა ჩემთვის ყველაზე საინტერესო და შედეგიანია.

ასევე ჯგუფური მუშაობის პრინციპით გაიმართა შეხვედრა, სადაც ვიკიპედიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა — ინფორმაციის მიუკერძოებლობა — განვიხილეთ. სწორედ ამ სესიაზე დამებადა იდეა, რომ ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის გამოყენება შეგვიძლია. ეს იდეა იქვე გავაჟღერე, ხოლო კონფერენციიდან დაბრუნების შემდეგ სატესტო ბოტიც შევქმენი, რომელიც ბოლოს დარედაქტირებულ სტატიებს ხელოვნურ ინტელექტს უგზავნის და აფასებინებს, რამდენად იცავს სტატია ვიკიპედიის მიუკერძოებლობის პოლიტიკას. ასეთი ბოტის სრულფასოვნად ასამუშავებლად ვიკისაზოგადოების თანხმობაა საჭირო, ამიტომ ამ სამუშაო ვერსიას ვიკიმედია საქართველოს საერთო კრებაზე წარვადგენ. თუ იდეამ მხარდაჭერა მიიღო და საბოლოოდ ფრთები შეისხა, ამის შესახებ მომავალ CEE-ის შეხვედრაზე აუცილებლად მოვყვები.

ურთიერთობები

[edit]
ქართული დელეგაცია კონფერენციაზე

ამ და ზოგადად, ვიკი-შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ადამიანური ურთიერთობებია. ჩემი დაკვირვებით, ვიკიპედიელების დიდი ნაწილი ინტროვერტია და მსგავსი ღონისძიებები ერთმანეთის გაცნობის, პირისპირ საუბრისა და გამოცდილების გაზიარების იშვიათი შესაძლებლობაა. თუნდაც იმ ადამიანს შეხვდე და თვალებში ჩახედო, რომელიც ვიკიპედიის განხილვის გვერდზე ყოველთვის მკაცრ რეპლიკებს გიწერს 😁. არც სალონიკის კონფერენცია იყო გამონაკლისი. გარდა იმისა, რომ ქართული საზოგადოებიდან საკმაოდ დიდი, 6-წევრიანი დელეგაცია ვიყავით და ერთმანეთი უკეთ გავიცანით, სხვა ქვეყნებისა და ენების წარმომადგენლებთანაც აქტიური კომუნიკაცია გვქონდა. ჩემთვის ეს ყოველთვის არის მულტიკულტურული კავშირების დამყარებისა და ახალი მეგობრების შეძენის უნიკალური შანსი.

შეჯამება

[edit]

საბოლოო ჯამში, სალონიკის კონფერენცია ამ ზღვისპირა, ლამაზ ქალაქში ძალიან ნაყოფიერად გატარებული დრო აღმოჩნდა. ქალაქის ხედებით ტკბობის პარალელურად, კონფერენციისგანაც დიდი სიამოვნება მივიღე, გამიჩნდა ახალი იდეები და დავინახე ახალი შესაძლებლობები. რთულია, მადლიერება გამოხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ამ მოგზაურობის ნაწილი იყო.

ეფხარისტო! შევხვდებით მომავალ ვიკი-კონფერენციაზე ან ვიკიპედიის განხილვის გვერდებზე.

რესურსები ინტერნეტში

[edit]