Wikimedia Georgia/Reports/Wikimania 2025/MIKHEIL



რა მომცა ვიკიმანია ნაირობიმ
ჩემი და ვიკიმანიის ურთიერთობა ზუსტად 10 წლის წინ დაიწყო და დღეს ჩემს ანგარიშზე უკვე 4 ვიკიმანიაა — მეხიკო (2015), მონრეალი (2017), სინგაპური (2023) და ნაირობი (2025).
ჩემთვის ვიკიმანია განსაკუთრებული ღონისძიებაა, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში ველოდები. რა შეიძლება იყოს გამოცდილი ვიკიმედიელისთვის იმაზე მეტად სასიამოვნო და ამაღელვებელი, ვიდრე მთლიანად ვიკიმედიის პროექტებისადმი მიძღვნილი რამდენიმე დღე. ადგილი, სადაც ხვდები ასობით ვიკიპედიელსა და ვიკიმედიელს მთელი მსოფლიოდან, მათ შორის ძველ მეგობრებს, ნაცნობებს, თანამოაზრეებს. სადაც დაუსრულებლად შეგიძლია ისაუბრო ვიკიპედიაზე, ვიკიმედიის სხვა პროექტებზე, გაიცნო ახალი ადამიანები…
ვიკიმანიამ ბევრი რამ მასწავლა. გარდა იმისა, რომ შემძინა ახალი მეგობარი ვიკიმედიელები, მომცა უდიდესი გამოცდილება, რომელსაც ვიყენებ არა მხოლოდ ვიკიმედიის პროექტებში მუშაობისას, არამედ ზოგადად, ცხოვრებაში. სხვადასხვა ვიკიმანიაზე ვისწავლე ძალიან ბევრი ახალი ხელსაწყო, რომლებსაც დღემდე აქტიურად ვიყენებ ვიკიპედიაში, მივიღე დიდი ცოდნა იმის შესახებ, როგორ მოვახდინოთ პროექტების პოპულარიზაცია, გავზარდოთ ცნობადობა ფართო საზოგადოებაში, როგორ იმუშაო ახალ მოხალისე რედაქტორთა მოსაზიდად; მე, როგორც ვიკიმედია საქართველოს პროექტების მენეჯერს, ეს ცოდნა განსაკუთრებით მადგება ყოველდღიურ საქმიანობაში.
ამ მხრივ გამონაკლისი არც ვიკიმანია ნაირობი ყოფილა, შეიძლება ითქვას, პირიქით — ერთ-ერთი ყველაზე გამოსადეგი იყო. შევხვდი არაერთ ძველ ნაცნობს და გავიცანი ახალი ვიკიმედიელები. დავესწარი სესიებს, რომლებიც განსაკუთრებით მაინტერესებდა. მათ შორის შემიძლია გამოვარჩიო სესიები ხელოვნური ინტელექტის, ვიკიმონაცემების, GLAM-ის, სამთავრობო ინსტიტუციებთან ურთიერთობის, Heritage Guard Network-ის შესახებ.
წლევანდელ ვიკიმანიაში განსაკუთრებით მომეწონა ინკლუზიურობა, დამსწრეთა მრავალფეროვნება, სიმრავლე. გამორჩეული იყო გახსნისა და დახურვის ცერემონიები; ალბათ იმიტომ, რომ მათში უფრო მეტად იყვნენ ჩართული დარბაზში მყოფი ვიკიმედიელები.
ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ვიკიმანიაზე მიღებულ გამოცდილებას ვუზიარებ ადგილობრივ ვიკისაზოგადოებას, როგორც ონლაინ, ისე პირადად. ვფიქრობ, ეს ვიკიმანიის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ასპექტია.
ისევე როგორც ყველა სხვა ვიკიმანია, წლევანდელიც განსაკუთრებით სასარგებლო იყო ისეთი პატარა და აქტიურად განვითარებადი ვიკისაზოგადოებებისთვის, როგორიც არის ვიკიმედია საქართველო. ჩვენ იქ ვნახეთ არაერთი ვიკიმედიელი და ორგანიზაცია, რომლებმაც წლების წინ გაიარეს გზა, რომელსაც ჩვენ ახლა გავდივართ. რა თქმა უნდა, მათი გამოცდილების გაზიარება ამ გზაზე უმნიშვნელოვანესია, შეიძლება ითქვას, გდამწყვეტიც კი.
მჯერა, რომ მომავალში კიდევ მრავალ ვიკიმანიაში მივიღებ მონაწილეობას და ვფიქრობ, უკვე დროა, რომ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მეც მოვამზადო გარკვეული სესიები და გავუზიარო ვიკიმედიელებს მთელი მსოფლიოდან.