Wikimedia UG Georgia/2020 Strategic Plan/ka

From Meta, a Wikimedia project coordination wiki
Wikimedia Community User Group Georgia


2020 სტრატეგიული გეგმა


თბილისი, საქართველო
2019





ვინ ვართ ჩვენ[edit]

„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ არის „ფონდ ვიკიმედიის“ მომხმარებელთა ჯგუფი, რომელიც აშშ–ში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს და მართავს ვიკიმედიის პროექტებს. ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი (ინგლისურად: Wikimedia Community User Group Georgia) შეიქმნა 2015 წელს, საქართველოში მცხოვრები ვიკიმედიის პროექტების აქტიური წევრების მიერ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ეროვნულ დონეზე გამართული ღონისძიებების ორგანიზებითა და მონაწილეობით. წევრების მიზანია ხელი შეუწყონ და მონაწილეობა მიიღონ ფონდ ვიკიმედიის მიერ შემოთავაზებულ პროექტებში და ქართული საზოგადოების მიერ ორგანიზებულ პროექტებში. ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი მისიაა ხალხის დახმარება და წახალისება, საზოგადოებრივ დომენში ცოდნის და სხვა საგანმანათლებლო, კულტურული და ისტორიული შინაარსის შეგროვება, განვითარება და გავრცელება, ან სხვა ლიცენზიების საშუალებით, რაც საშუალებას აძლევს ყველას თავისუფლად გამოიყენოს ცოდნა, და განათავსოს და შეცვალოს მისი შინაარსი უფასოდ. 2019 წლის 13 აგვისტოდან „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ არის ოფიციალურად რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საქართველოში.

ხედვა[edit]

„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ იზიარებს „ფონდ ვიკიმედიის“ ხედვას: „წარმოიდგინეთ მსოფლიო, სადაც თითოეული ადამიანი თავისუფლად შეძლებს გაიზიაროს კაცობრიობის მთელი ცოდნის ჯამი. ეს ჩვენი ვალდებულებაა.“

მისია[edit]

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის მისიაა დაეხმაროს და წაახალისოს საქართველოს მოქალაქეები, შეაგროვონ, განავითარონ და გაავრცელონ ცოდნა და სხვა საგანმანათლებლო, კულტურული და ისტორიული შინაარსი თავისუფალი ან სხვა ლიცენზიის სახით, რაც ყველას საშუალებას აძლევს თავისუფლად გამოიყენონ ცოდნა, გაავრცელონ და შეცვალონ მისი შინაარსი უფასოდ. ასევე, ცოდნის ხელშეწყობა და წინ წამოწევა (ინიციაცია და სტიმულირება საზოგადოებრივი ინტერესის ცოდნის მიმართ და ცოდნის შემქნის, განვითარების და გავრცელების, ასევე ხელმისაწვდომობის მიმართ), ყველა მოქალაქის ცოდნისა და განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, მათი სოციალური ან სხვა სტატუსის მიუხედავად, ასეთი ხელმისაწვდომობის ორგანიზება, დახმარების გაწევა კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების მომზადებაში, რომლებიც ხელს უწყობენ ცოდნის შექმნას, დაგროვებას, განვითარებას და გავრცელებას. ჩვენი მისია და მიზნები შეესაბამება ჩვენი ორგანიზაციის წესდებას.

ღირებულებები[edit]

  1. წვდომა
  2. თანამშრომლობა
  3. საზოგადოება
  4. მრავალფეროვნება
  5. განათლება
  6. გენდერული თანასწორობა
  7. დამოუკიდებლობა
  8. გამჭვირვალეობა
  9. გაზიარება
  10. მოხალისეობა

სტრატეგიული გეგმა[edit]

ეს სტრატეგიული გეგმა განსაზღვრავს „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ პროგრამებს გაყოფილს ხუთ მთავარ მიზნად: 1) კონტენტის გაზრდა, 2) მონაწილეობის გაზრდა, 3) საზოგადოების მხარდაჭერა, განვითარება და ვიკიმედიის პოპულარიზაცია, 4) თანამშრომლობა „გლამ“-თან (გალერეები, ბიბლიოთეკები, არქივები, მუზეუმები), უნივერსიტეტებთან, საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან და სხვა ვიკიმედიურ და არა ვიკიმედიურ ორგანიზაციებთან. ყველა ეს პროგრამა შემუშავებულია ვიკიმედიის პროექტების განვითარებისთვის, როგორც ქართულ, ისე სხვა ვიკიმედიის ენებზე.

კონტენტის გაზრდა[edit]

„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანია ვიკიმედიის პროექტების (განსაკუთრებით ვიკიპედიის) კონტენტის გაზრდა, ქართულ ენაზე. ამ მიზნის მისახწევად „ვმ საქართველოს ჯგუფი“ მართავს სხვადასხვა კონკურსებს (სტატიათა კონკურსები, ფოტოკონკურსები, ვიკიმარათონები, ვიკიბანაკები) ქართულ ვიკიპედიაში. კონკურსები იმართება როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე საერთაშორისო დონეზე. 2019 წელს, „ვმ საქართველოს ჯგუფმა“ ასეთი ხუთი კონკურსი გამართა. არსებულ კონკურსებს დამატებული, „ვმ საქართველოს ჯგუფმა“ გამართა ახალი პროექტებიც.

„ვმ საქართველოს ჯგუფი“ გააგრძელებს მონაწილეობას საერთაშორისო კონკურსებში, CEE & ვიკიპედიის აზიის თვის კონკურსებში, რომელიც არის „edit-a-thons“ (რედაქტირების კონკურსები) სერია და იმართება აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და შესაბამისად აზიის გარშემო, ორივე კონკურსი მხარდაჭერილია საერთაშორისო ორგანიზატორებისა და ადგილობრივი ორგანიზატორების მიერ.

ამ მიზნის პირველი ამოცანაა ადამიანური ცოდნის ჯამის განვითარება და გავრცელება ქართულ და სხვა რეგიონალურ ენებზე, თავისუფალი ლიცენზიით ან საზოგადოდ, საქართველოსა და კავკასიაში:

  1. „Edit-a-thons“-ისა (რედაქტირების კონკურსები) და სხვა ტიპის ვორქშოპების ჩატარება და ხელშეწყობა ვიკიმედიის პროექტებში.
  2. უნივერსიტეტებში, სასწავლებლებში და სკოლებში საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა, რომელიც შეიცავს ვიკიმედიის პროექტებში წვლილის შეტანას საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
  3. ტექნიკური მხარდაჭერის მიწოდება ვიკიმედიის ახალი პროექტების შექმნასა და განვითარებისთვის, ქართულ ენაზე.
  4. ყურადღების გამახვილება ისეთ ღონისძიებებზე, რომლებიც მიზნად ისახავს გენდერული უთანასწორობის მოგვარებას, როგორც ავტორების რაოდენობის, ისე კონტენტის შინაარსის თვალსაზრისით.
  5. საერთაშორისო პროექტების ორგანიზება და მონაწილეობა.
  6. ავტორებისთვის დახმარების გაწევა რესურსების უზრუნველყოფით კონტენტის განვითარებისა და გაუმჯობესებისთვის, მაგალითად წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით.

მეორე ამოცანაა ვიკიმედიის პროექტებში თავისუფალი კონტენტის გაზრდა და განვითარება საქართველოს კულტურის, ენების, ისტორიის, გეოგრაფიის, სპორტისა და სხვა ცოდნის არეს შესახებ, შემდეგი ნაბიჯებით:

  1. ვიკიმედიის პროექტებში წვლილის შეტანის მიზნით თემატური ვორქშოპების გამართვა და ხელშეწყობა.
  2. ვიკისაწყობისთვის (Wikimedia Commons) ფოტოგრაფიული ღონისძიებების გამართვა და ხელშეწყობა საქართველოში, მათ შორის ფოტოტურების გამართვით.
  3. ვიკისაწყობისთვის (Wikimedia Commons) ფოტოკონკურსების ორგანიზება, როგორიცაა „ვიკის უყვარს ძეგლები“ და „ვიკის უყვარს დედამიწა“.

ასევე, „ვმ საქართველოს ჯგუფი“ ხელს შეუწყობს და განავითარებს ვიკიმედიის სხვა პროექტებს ქართულ ენაზე.

მონაწილეობის გაზრდა[edit]

„ვმ საქართველოს“ ერთ-ერთი მთავარი მიზანია ვიკიმედიის პროექტების რედაქტორებისა და მოხალისეების რიცხვის გაზრდა. მომხმარებელთა რიცხვის გაზრდა, ძირითადად ქართულენოვან პროექტებში, ჩვენთვის სტრატეგიულ ხასიათს ატარებს, რადგან ვიკიმედიის კონტენტის ზრდა და ხარისხის გაუმჯობესება დამოკიდებულია მონაწილეთა რიცხვზე.

ვცდილობთ სხვადასხვა ჯგუფებსა და პირებს, მათ შორის ჩვენს საზოგადოებაში ნაკლებად წარმოდგენილ ჯგუფებს, გავუწიოთ მხარდაჭერა და დავგეგმოთ ტრენინგები მათთვის, რაც მიზნად ისახავს ვიკიმედიის მოძრაობაში მონაწილეობის გაზრდას. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს საზოგადოებასთან, რომ ვიპოვოთ შესაძლებლობები მონაწილეობის გაზრდისა და ვიკიმედიის პროექტებში ახალბედა მომხმარებლებისთვის გარემოს გასაუმჯობესებლად. ეს ხორციელდება ინფორმაციული აქტივობებით, გარკვეულ ინფორმაციულ-პროპოგანდისტულ ინსტიტუტებთან პარტნიორობით, ასევე ვიკი-ინიციატივების საშუალებით (მაგალითად, ვიკიმარათონებისა და ვიკი-კონკურსებით). ამ აქტივობებს აქვთ პარალელური მიზნებიც, როგორიცაა კონტენტის შინაარსის გაუმჯობესება და სამიზნე ჯგუფებიდან მეტი მონაწილეობის მოზიდვა.

მეტი მოხალისეებისა და მონაწილეების მოსაზიდად ვიკიმედიის პროექტებში საქართველოში, ჩვენ განვახორციელებთ შემდეგ პროექტებს:

  1. ჩვენ აქტიურად ჩავატარებთ ტრენინგებს და ვორქშოპებს საგანმანათლებლო ინსტიტუტებსა და დაიტერესებული მხარეებისთვის.
  2. ჩვენ ჩავატარებთ ტემატურ კონკურსებსა და მიკიმარათონებს.
  3. ჩვენ შევქმნით ახალ ვიკი-კლუბებს და მხარდავჭერას აღმოვუჩენთ არსებულ ვიკი-კლუბებს.

ჩვენი გამოცდილება წინა პროექტებიდან, გვკარნახობს, რომ საუკეთესო გზა ახალი მომხმარებლების მოსაზიდად ვიკიმედიის პროექტებში არის ვიკიბანაკების გამართვა. 2019 წლის მარტში, ჩვენ გავმართეთ პირველი ასეთი ვიკიბანაკი და მის შედეგად ჩვენ ვაპირებთ გავმართოთ ასეთი ვიკიბანაკი როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონალურ დონეზე, ძირითადად კავკასიის რეგიონის მონაწილეებისთვის. ჩვენი კოლეგების გამოცდილება „ვიკიმედია სომხეთიდან“ და სხვა ვიკიმედიის ორგანიზაციებიდან ამას ადასტურებს.

ვიკიბანაკის დროს 16-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, შეიძენენ ვიკიპედიისა და ვიკიმედიის პროექტებში მუშაობის უნარებს. ახალგაზრდები შეისწავლიან ვიკი-ტექნოლოგიას და შემდეგ გამოცდილი ვიკიმედიელების მეთვალყურეობის ქვეშ დამოუკიდებლად შექმნიან და თარგმნიან სტატიებს ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში. ბანაკის მთავარი მიზანია მეტი ახალგაზრდის მოზიდვა ვიკიმედიის პროექტებში სამუშაოდ.

ასევე, „ვმ საქართველომ“ შეიმუშავა ვიკიბანაკი სპეციალურად საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის (მასწავლებლებისთვის). მასწავლებლები ჩვენთვის მნიშვნელოვანი რესურსია, რადგან ისინი არიან პირველადი აგენტები, რომლებსაც უშუალო კონტაქტი აქვთ სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან, რომლებიც ვიკიმედიის მოძრაობისა და ვიკიმედიის პროექტების მომავალი რესურსია. ამ მიზეზით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია მასწავლებლების ინფორმირება და მათთვის ვიკი-ტექნოლოგიების სწავლება, რომლებიც თავის მხრივ შეასწავლიან ამ უნარებს სტუდენტებსა და ყველა დაინტერესებულ პირს. საბოლოო ჯამში, მივიღებთ შედეგს, რომელიც დაგვეხმარება ვიკიმედიის პროექტების პოპულარიზაციასა და წინ წამოწევას საქართველოში.

საზოგადოების მხარდაჭერა, განვითარება და ვიკიმედიის პოპულარიზაცია[edit]

2020 წელს, „ვმ საქართველო“ შექმნის ქვეყნის მასშტაბით ჩარჩოებს რეგიონალური და ადგილობრივი ჯგუფების წარმომადგენლობების მხარდასაჭერად, ადგილობრივ წარმომადგენლობებს ერქმევა „ვიკიკლუბი“. „ვმ საქართველო“ საშუალებას მისცემს ამ კლუბებს განახორციელონ საკუთარი პროექტები მათი ლოჯისტიკური, მატერიალური და ფინანსური დახმარებით. ეს მიზანი ასევე გულისხმობს დახმარებას ინდივიდუალური ავტორებისა და მოხალისეების საქართველოში.

„ვმ საქართველო“ გამოაქვეყნებს ოფიციალურ ჩარჩოს, რომელშიც შედის რეგიონალური ან ადგილობრივი კლუბის შესაქმნელად საჭირო პოლიტიკა და სახელმძღვანელო. ეს ჯგუფები ჩამოყალიბდება ქალაქის ან გეოგრაფიული ან კულტურული რეგიონის გარშემო, მაგრამ ასევე შეიძლება ჩამოყალიბდეს კონკრეტული თემატიკის გარშემო, რათა შეიქმნას თემატური ჯგუფი საქართველოს შიგნით, როგორც „ვმ საქართველოს“ ნაწილი.

უნდა აღინიშნოს, რომ „ვმ საქართველოს“ აქტივისტები და წევრები 2016 წლიდან თავიანთ ქალაქებში ქმნიან ასეთ მცირე ადგილობრივ (ლოკალურ) კლუბებს, რათა ხელი შეუწყონ ვიკიმედიის პროექტების განვითარებას ქართულ ენაზე, მაგრამ სამწუხაროდ, არ არსებობს ლოჯისტიკური და მატერიალური რესურსები ამ ვიკიკლუბების საკმარისად განვითარებისათვის. ჩვენ, ჩვენი პროგრამის საშუალებით, ხელს შევუწყობთ მათ მხარდაჭერას და ახალი ვიკიკლუბების შექმნას.

ამ ჯგუფების მხარდაჭერისას ჩვენ გავაკეთებთ:

  1. ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ჩარჩოს ამ ვიკიკლუბებისთვის.
  2. ჩვენ გავუწევთ ლოჯისტიკურ, მატერიალურ და ფინანსურ დახმარებას.
  3. ჩვენ ჩავატარებთ რეგულარულ ტრენინგებს, ვორქშოპებსა და შეხვედრებს ვიკიკლუბის წევრებისთვის, მათ შევასწავლით ვიკიმედიის პროექტებში მუშაობას.
  4. ჩვენ დავეხმარებით „ვმ საქართველოს“ და ვიკიკლუბის წევრებს, მიიღონ გრანტი (ინდივიდუალური) „ფონდ ვიკიმედიისგან“ საკუთარი პროექტების შესრულებისთვის.
  5. ჩვენ მოვაწყობთ რეგიონალურ და ადგილობრივ (ლოკალურ) შეხვედრებს, რომ გავაერთიანოთ ავტორები და მოხალისეები ერთად და ხელი შევუწყოთ ლოკალური ჯგუფების გაზრდას.
  6. გავამახვილებთ ყურადღებას და აღვნიშნავთ ქართულენოვანი პროექტების მოხალისეებისა და ავტორების ღვაწლს ვიკიმედიის პროექტებში „ვმ საქართველოს“ საიტზე, ბლოგსა და სოციალური ქსელების ანგარიშზე.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ორგანიზაციული განვითარებაა. ამ დროისთვის ჩვენი ორგანიზაცია მომხმარებელთა ჯგუფია და ჩვენი მიზანია გავხდეთ ვიკიმედიის ოფიციალური ორგანიზაცია (ჩაფტერი), რაც ასევე ხელს შეუწყობს ვიკიმედიის პროექტების საქართველოში პოპულარიზებას, რასაც დღემდე როგორც მომხმარებელთა ჯგუფი ვაკეთებთ. ამის მისაღწევად, ჩვენ გამოვიყენებთ სხვადასხვა გზას.

პირისპირ შეხვედრების ორგანიზება მნიშვნელოვანია როგორც „ვმ საქართველოს“ წევრებისთვის, ასევე მთელი ვიკისაზოგადოებისთვის საქართველოში. ეს საშუალებას აძლევს გავაძლიეროთ ონლაინ თანამშრომლობა, ხელს უწყობს მოხალისეებს შორის სასარგებლო ქსელური კავშირების დამყარებას და ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას პრეზენტაციების, დისკუსიებისა და პირადი შეხვედრების ფორმატში. მოხალისეების გაერთიანება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში ვიკისაზოგადოების განვითარებისთვის, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული ფართობის გამო. რეგიონებში კონფერენციების და სხვა სხვა სახის ღონისძიებების ორგანიზება ასევე ხელს უწყობს ადგილობრივი საზოგადოების გაძლიერებას და ზრდას.

საქართველოს ვიკონფერენცია და წლიური საერთო კრება ორი ძირითადი ყოველწლიური ღონისძიებაა. პირველი ასეთი კონფერენცია გაიმართა 2018 წლის დეკემბერში, ხოლო მეორე გაიმართება 2019 წლის დეკემბერში. გარდა ამისა, „ვმ საქართველო“ ყოველწლიურად გამართავს ყოველწლიურ საერთო შეხვედრებს, ჩვენი ორგანიზაციის ყველა წევრის მონაწილეობით, ჩვენი ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობისთვის.

ჩვენ ასევე ჩავატარებთ ტრენინგ სესიებს მოხალისეებისთვის, რომელიც მიეძღვნება გარკვეული სპეციფიკური უნარების შეძენას, მაგალითად, ტექნიკური ინსტრუმენტების ფლობას ან კონფლიქტური სიტუაციის გადაჭრას. ტრენინგ ღონისძიებების ორგანიზება ან მოხალისეების მონაწილეობის დაფინანსება ტრენინგ სესიებში, ხელს შეუწყობს ვიკისაზოგადოების უნარების განვითარებას და შესაბამისად, ჩვენი წვლილის ხარისხის ამაღლებას და საზოგადოების შიგნით მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.

საერთაშორისო ღონისძიებებისთვის სტიპენდიების გაცემა საზოგადოების და ორგანიზაციული განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია და არის ცოდნის გაზიარების ხელშეწყობა. კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებზე დასწრება საშუალებას აძლევს ადგილობრივი საზოგადოების წევრებს შექმნან და გაძლიერდნენ კავშირები, შეიძინონ ახალი ცოდნა და გააზიარონ იგი მათი მოხსენებების, შენიშვნებების, სტატიების, ფოტოებისა და სოციალური მედიის საშუალებით. იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეების უმეტესობისთვის ეკონომიკური მიზეზების გამო ძნელია ძვირადღირებული საერთაშორისო მოგზაურობის დაგეგმვა, „ვმ საქართველოს“ სტიპენდიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის.

ჩვენი მუშაობის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ვიკიმედიის პროექტების პოპულარიზაცია მედიის გამოყენებით. ამის მისაღწევად, ჩვენ გამოვიყენებთ სოციალურ მედიას, ასევე „ვმ საქართველოს“ ბლოგებს.

თანამშრომლობა „გლამ“-თან, უნივერსიტეტებთან, საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან და სხვა ვიკიმედიურ და არა ვიკიმედიურ ორგანიზაციებთან[edit]

„ვმ საქართველო“ იწყებს თანამშრომლობას „გლამ“-თან (გალერეები, ბიბლიოთეკები, არქივები, მუზეუმები), უნივერსიტეტებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სხვა ვიკიმედიურ და არა ვიკიმედიურ ორგანიზაციებთან. ამგვარმა თანამშრომლობამ შეიძლება მიიღოს მრავალფეროვანი ფორმა, როგორიცაა საარქივო ფონდების ვიკისაწყობში ატვირთვა ან ძველი ხელნაწერების შეტანა ვიკიწყაროში (რომელიც ახლა ინკუბატორშია). „ვმ საქართველო“ ითანამშრომლებს ყველა ორგანიზაციასთან, რომლებიც გამოთქვამენ თავიანთ ინტერესს ვიკიმედიის პროექტებში მუშაობის მხრივ. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება ყველა მხარესთან. დღეს ჩვენს ორგანიზაციას გაფორმებული აქვს ასეთი მემორანდუმი ორ ორგანიზაციასთან, ერთი მათგანი არასამთავრობო ორგანიზაციაა, მეორე კი სახელმწიფო სააგენტო.

ჩვენი სამომავლო მიზანია თანამშრომლობის დაწყება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, რომელიც თავის პროფილში მასშტაბით ყველაზე მასშტაბური ორგანიზაციაა და მის დაქვემდებარებაში არის უზარმაზარი მონაცემთა ბაზა. ჩვენ ვაპირებთ ქართულენოვანი და სხვა ენოვანი ვიკიმედიის პროექტებისთვის მათი მონაცემთა ბაზის გამოყენებას. ასევე, ჩვენი ორგანიზაცია ჩაატარებს ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს ბიბლიოთეკის პერსონალთან, რათა შემდგომში ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა დამოუკიდებლად იმუშაონ ვიკიმედიის პროექტებში.

„ვმ საქართველო“ კვლავაც იქნება „ფონდ ვიკიმედიის“ აქტიური წარმომადგენლობა და გლობალური ვიკიმედიური მოძრაობის ნაწილი. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას „ვიკიმედია სომხეთთან“, „აზერბაიჯანელ ვიკიმედიელთა მომხმარებელთა ჯგუფთან“, „ვიკიმედიის მომხმარებელთა თურქეთის ჯგუფთან“, „ვიკიმედია რუსეთთან“ და შევეცდებით დავამყაროთ ურთიერთობები სხვა ვიკიმედიურ და თემატურ ორგანიზაციებთან, რათა გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და რესურსები, აგრეთვე განვახორციელოთ მათთან ერთობლივი პროექტები. „ვმ საქართველო“ მიზნად ისახავს ვიკიმედიის მოძრაობაში ქართულენოვანი მომხმარებლების ჩართულობის გაზრდას.

„ვმ საქართველო“ მიზნის მისაღწევად „ფონდ ვიკიმედიის“ სხვა ასოციაციებთან თანამშრომლობით ჩაატარებს ერთობლივ პროექტებს, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავაძლიეროთ და განვავითაროთ ორმხრივი ურთიერთობები, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ვიკიმედიის პროექტების განვითარებას.

„ვმ საქართველო“ ითანამშრომლებს არა ვიკიმედიურ ორგანიზაციებთან, ახალი მოხალისეების და რედაქტორების მოსაზიდად ვიკიმედიის პროექტებში, ასევე სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ქართულ ვიკისაზოგადოებაში ინტეგრაციისთვის, რადგან ჩვენი მოძრაობისთვის და ვიკიმედიის ქართულენოვანი პროექტებისთვის მრავალფეროვნება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა ამ სფეროში და გავაფორმეთ მემორანდუმი კონკრეტულ ორგანიზაციასთან.

ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი სფეროა თანამშრომლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მათ შორის უნივერსიტეტებთან და სკოლებთან. საგანმანათლებლო ინსტიტუტები ვიკიმედიის პროექტებისთვის ახალი მოხალისეების ძირითადი წყაროა საქართველოში, შესაბამისად, მათთან თანამშრომლობა ჩვენთვის სტრატეგიული მიმართულებაა. ამავე დროს, არსებობს პრობლემები საგანმანათლებლო დაწესებულებებში, კერძოდ უნივერსიტეტებში, სადაც არსებობს სტერეოტიპი, რომ ვიკიპედია არ არის სანდო ინფორმაციის წყარო და მიმდინარეობს ვიკიპედიის ანტიპიარი, ჩვენ ვეცდებით მათთან კომუნიკაციას და შევასწავლით მათ, თუ როგორ მუშაობს ვიკიმედიის პროექტები და რა სარგებელი შეიძლება მივიღოთ მისგან. ამასთანავე, ჩვენ შევეცდებით ჩავატაროთ ერთობლივი პროექტები უნივერსიტეტებთან და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მათ შორის კონკურსები, ტრენინგები, სემინარები და შეხვედრები.

დასკვნითი დებულებები[edit]

ააიპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ 2020 სტრატეგიული გეგმა დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს 2019 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №2019-01).


ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი

სამეურვეო საბჭო

ოქმი №2019-01
28/10/2019
[ხელმოწერა] მეჰმან იბრაგიმოვი
[ხელმოწერა] მიხეილი ჭაბუკაშვილი
[ხელმოწერა] ჯაბა ლაბაძე
[ხელმოწერა] მიხეილ ჩხიკვაძე
[ხელმოწერა] დავით ასრიაშვილი
ორგანიზაციის მრგვალი ბეჭედი